ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს UNWTO ონლაინ–აკადემიაში გადაამზადებენ

ტრენინგების მიზანი ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
Sputnik
თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ონლაინ აკადემიის კურსებს სთავაზობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადამზადების კურსებთან დაკავშირებით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა UNWTO-ს ევროპის რეგიონული დეპარტამენტისა და ინოვაციებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და UNWTO-ს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების თანახმად, ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლებს ტრენინგები ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ყველა მონაწილეს ტურიზმის ადმინისტრაციისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცემა.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის მემორანდუმს ვაწერთ ხელს, რათა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები განვავითაროთ და გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ UNWTO-ის ინოვაციებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ბაიონამ.
მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ტურიზმი მაღალი ტემპით ვითარდება.
„ჩვენ გვჭირდება მომავალი პროფესიონალების მომზადება და ჩვენ მათ უნდა მივცეთ განათლება განახლებული უნარების კუთხით, განახლებული სასწავლო პროგრამებით, რომელიც თანხვედრაში იქნება მდგრად განვითარებასთან და ინოვაციებთან, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს უფრო მრავალფეროვანი, თანამედროვე საქართველოს რეკლამირება“, -აღნიშნა ნატალია ბაიონამ.
UNWTO ევროპის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორის ალესანდრა პრიანტეს შეფასებით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ძალიან მოწადინებულია ტურიზმის აღდგენაზე.
„მოხარული ვართ საქართველოს მხრიდან წამოსული ინიციატივებით. ტურიზმის ეს საგანმანათლებლო პროგრამა მთავრობასთან ერთად ჩვენთვის წარმოადგენს ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს ტურიზმის მომავალი სტრატეგია. საქართველო მოწინავე ქვეყანაა მომსახურების კუთხით და სამაგალითოა სხვა სახელმწიფოებისთვის“, - განაცხადა ალესანდრა პრიანტემ.
ევროკავშირი საქართველოს გიდების სერტიფიცირების პროგრამით დაეხმარება
UNWTO-ს ტურიზმის ონლაინ–აკადემია მსოფლიო მასშტაბით 900-ზე მეტი უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციურ პედაგოგებსა და ტრენერებს აერთიანებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული სასწავლო კურსების ჩატარებას, როგორიცაა: ტურიზმის ფუნდამენტური პრინციპები და უახლესი ტრენდები, მასპინძლობის ინდუსტრია, ტურისტული პროდუქტის ფორმირება და შეთავაზება, მარკეტინგი და გაყიდვები და სხვა.