ნათია თურნავა ქართული ბრენდების დაჯილდოებას დაესწრო

„ქართული ბრენდის დღე“ საქართველოში წელს მეცხრამეტედ გაიმართა. ღონისძიებაზე მოწინავე კომპანიები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს, მათ შორის - რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ-პერსონა და სხვ.
Sputnik
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. საამაყოა, რომ „ქართული ბრენდის დღე 2021“-ზე დაჯილდოებულ კომპანიებს შორის არიან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრმა „ქართული ბრენდის დღე 2021“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 20 იანვარს სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" გაიმართა.
„წლების განმავლობაში ჩვენ მომსწრენი ვართ, როგორ განვითარდა საქართველოში ახალი ბრენდები, გასცდა საქართველოს საზღვრებს და წარმოდგენილია ამაყად მსოფლიო ბაზარზე. აქ საუბარია ბრენდებზე, რომელიც შექმნილია სახელოვნებო დარგში, წარმოებაში, სამედიცინო სერვისებში, ტურიზმში“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, წლებია უკვე სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გვერდში უდგას როგორც ქართულ წარმოებას, ქართულ ბიზნესს, ასევე უნიკალური ქართული ბრენდების პოპულარიზაციას.
„ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ამ კუთხით მუშაობას, რომ უფრო მეტი ქართული ბრენდი, უნიკალური ნაწარმი შეიქმნას და გასცდეს საქართველოს საზღვრებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„ქართული ბრენდის დღე“ საქართველოში წელს მეცხრამეტედ გაიმართა.
ღონისძიებაზე გამარჯვებული კომპანიები გამოავლინეს ისეთ ნომინაციებში, როგორიცაა რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ-პერსონა და სხვ.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.