საქართველოს ფინანსთა მინისტრი აზერბაიჯანში მიიწვიეს

მხარეებმა განიხილეს პანდემიის პირობებში ჩატარებული პროცედურები, რომლებიც როგორც მგზავრების, ისე ტვირთის დაუბრკოლებლივ გადაადგილებას უზრუნველყოფს
Sputnik
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით მიიწვიეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა მინისტრის თბილისში აზერბაიჯანის ელჩ ფაიგ გულიევთან შეხვედრის შემდეგ, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის საკითხები საბაჟო სფეროში.
ფინანსთა მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა სავაჭრო–ეკონომიკურ, სატრანზიტო–სატრანსპორტო სფეროში როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის 2021 წლის ზაფხულში შეიქმნა ერთობლივი სამმხრივი საბაჟო კომიტეტი, რაც, ლაშა ხუციშვილის თქმით, უნიკალური შესაძლებლობაა სამ ქვეყანას შორის საბაჟო ურთიერთობების სფეროში მაღალი დონის საკითხების შეთანხმებისთვის.
მან აღნიშნა, რომ ინფორმაციის აქტიური გაცვლა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის მნიშვნელოვანი ბერკეტია რეგიონში კონკურენტუნარიანი სატრანზიტო დერეფნისა და ვაჭრობის ხელშეწყობის წინაპირობების შექმნისთვის.
მოლაპარაკებისას მხარეებმა განიხილეს პროცედურები, რომლებიც ტარდება პანდემიის პირობებში და რომლებიც უზრუნველყოფს როგორც მგზავრების გადაყვანას, ისე ტვირთების გადაზიდვას დაბრკოლებების გარეშე.
საქართველოში საბაჟო პროცედურების გამარტივება იგეგმება
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე კვლავაც არ დაიშურებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გამტკიცებისთვის. ასევე მან მადლობა გადაუხადა მინისტრს აზერბაიჯანული კაპიტალით შექმნილი საწარმოების საქმიანობის მხარდაჭერისთვის.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში, ასევე თანამშრომლობენ საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალმხრივ ფორმატებში, როგორიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, ნავთობსადენი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი და სამხრეთის გაზის დერეფანი.