რა გაკეთდება საქართველოში წამლების გასაიაფებლად: სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობა მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზების ძებნას განაგრძობს.
Sputnik
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე იმუშავებს.
სამუშაო ჯგუფის წევრები არიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სადაზღვევო სექტორის, ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლები და ჯანდაცვის ექსპერტები.
ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, მიღებული შედეგები და რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე განიხილეს.
სამუშაო ჯგუფის წევრების განცხადებით, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რომელიც უნდა გადაიდგას, ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა. გარდა ამისა, მზადდება რეკომენდაციების აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავს.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში წამლების ფასები ძალიან მაღალია და ამ მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია. მისი განცხადებით, ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირებას. ხელი მოეწერა მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და საქართველოში შემოვა GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები.
საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გააუმჯობესებს ვითარებას ფარმაცევტულ ბაზარზე როგორც ფასების რეგულირების, ისე მედიკამენტების ხარისხის მხრივ. მალე პროცესს საპარლამენტო კომიტეტები შეუერთდებიან.
ბიზნეს-ასოციაცია: თურქეთთან ფარმაცევტული ბაზრის გახსნა გონივრული და დროული ნაბიჯია>>>
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის თქმით, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორისაა ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება.
კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ მთავარი პრობლემა არის რეცეპტებისა და დანიშნულებების მოქმედი სისტემა, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი, არაოფიციალური გარიგებები წვრილ იმპორტიორებსა და ექიმებს შორის, რომლებიც რეცეპტებსა და დანიშნულებას წერენ.