როცა უცხო ენას მშობლიურივით ფლობ: ფრაზა, რომლითაც ქართველი პროფესორი პესიმისტებს ამხნევებს

რეალობამ მოიტანა ის, რომ ინგლისური ენის ცოდნის გარეშე საქართველოში ნებისმიერ სფეროში რთულია დასაქმება, საერთაშორისო სარბიელზე გასვლა კი - ფაქტობრივად, შეუძლებელი.
Sputnik
დღეს ამ ენის სპეციალისტების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, მაგრამ ახლა გვსურს გაგაცნოთ ქალბატონი, რომელიც ამ დარგში ერთ-ერთ საუკეთესო და წამყვან სპეციალისტად მიიჩნევა.
ინგლისურის შესწავლით ბავშვობიდან დაინტერესდა და დღემდე პროფესიული განვითარების ძალიან დიდი გზა გაიარა. განათლების მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა აბდუშელიშვილი 20 წელია, რაც განათლებისა და სწავლების სფეროში მოღვაწეობს.
აქვს ბრიტანეთის საბჭოსა და ევროკავშირის ტრენერ-კონსულტანტის საერთაშორისო კვალიფიკაცია. 2006 წლიდან პროფესორის რანგში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ხელმძღვანელობს სხვადასხვა მიმართულების კურსებსა და პროფილურ ტრენინგებს.
ბრიტანეთის საბჭოს სამხედრო ინგლისურის სწავლების პროექტში ხარისხის მართვის კოორდინატორად და ტრენერად ათი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ევროკავშირის მიერ აკრედიტებულ და სერტიფიცირებულ ტრენერ-კონსულტანტს და პროფესიონალ მთარგმნელ-თარჯიმანს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს.
ლელა აბდუშელიშვილი
- ქალბატონო ლელა, ცნობილია, რომ თუ ადამიანმა ინგლისური ენა იცის, მას სხვა ევროპული ენების სწავლა არ გაუჭირდება...
- ნამდვილად ასეა, ინგლისური ენის ცოდნა მყარი საფუძველია იმისთვის, რომ სხვა ევროპული ენების შესწავლა გაუადვილდეს. ვინაიდან იგი, როგორც ერთ-ერთი გერმანიკული წარმოშობის ენა, უხვად შეიცავს სიტყვებს ლათინურიდან, ფრანგულიდან, გერმანულიდან, იტალიურიდან, ესპანურიდან, ჰოლანდიურიდან, სკანდინავიურიდან, იაპონურიდან, არაბულიდან, სპარსულიდან, ჩინურიდან, თურქულიდან, ნორვეგიულიდან და ურდუდან. დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედი ინგლისურს იყენებს. ამდენად, ძალიან პოპულარული ენაა.
- როდის დაინტერესდით ამ ენის შესწავლით და პროფესიული განვითარების რა გზა გაიარეთ?
- ინგლისური ენის შესწავლით ბავშვობიდან დავინტერესდი. მშობლებმა საუკეთესო პედაგოგებთან მიმიყვანეს. შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც მასწავლიდნენ საუკეთესო პედაგოგები: ნიკო ყიასაშვილი, დარეჯან სირია, რუსუდან ენუქიძე, თინათინ მარგალიტაძე, მანანა რუსეიშვილი და სხვები. უმაღლესი წარჩინებით დავამთავრე.
საქართველოში, ამერიკულ კოლეჯში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობაც ადრე დავიწყე, ამდენად, ამ ენას პრაქტიკაში კიდევ უფრო კარგად გავეცანი. ათი წლის განმავლობაში კულტურისა და განათლების ხელშემწყობ საერთაშორისო ბრიტანულ ორგანიზაცია „ბრიტანეთის საბჭოს“ ერთ-ერთ პროექტში „ინგლისური სამშვიდობო მიზნებისათვის“ ინგლისური ენის პედაგოგად, სასწავლო პროცესის ხარისხის მართვის კოორდინატორად და ტრენერად ვიმუშავე, სადაც ინგლისურს უშუალოდ ენის მატარებლებისგან ვისმენდი.
ლელა აბდუშელიშვილი
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სინქრონისტ-თარჯიმანი ვარ. რეგულარულად მიწევს საერთაშორისო მასშტაბის პროექტებში დასაქმებულ უცხოელებთან ურთიერთობა, რაც მოდუნების საშუალებას არ მაძლევს და ჩემს არეალს მნიშვნელოვნად ზრდის.
- იმ ოცი წლის განმავლობაში, რაც განათლების და სწავლების სფეროში მოღვაწეობთ, როგორია ინგლისური ენის სწავლების დინამიკა საქართველოში?
- საქართველოში არსებული ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაცია ETAG 1995 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ფილიალები საქართველოს ცხრა ქალაქშია. მე ამ ორგანიზაციის აქტიური და ერთგული წევრი ვარ და ინგლისური ენის სფეროში მიმდინარე განვითარებებსა და პროგრესს ორგანიზაციის დაარსების დღიდან ვაკვირდები.
გარდა ამისა, 25 წელზე მეტია, რაც ამ ენას ვასწავლი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ სხვადასხვა კორპორატიულ სტრუქტურებში.
ამდენად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დინამიკა საოცრად ინტენსიურია, ინგლისური ენის მაღალ პროფესიულ დონეზე შესწავლის სურვილს სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს და ამისთვის ენერგიას, დროსა და ფინანსებს არ იშურებს.
- მკითხველს შევახსენებ, რომ თქვენ ხელმძღვანელობთ სხვადასხვა კურსებს - ზოგად და ბიზნეს ინგლისურში, ბიზნეს და სტრატეგიულ კომუნიკაციაში, ორგანიზაციულ ქცევასა და ლიდერობაში, აკადემიურ წერაში, კვლევის მეთოდებსა და კარიერის დაგეგმვაში. აქედან რომელ მიმართულებაზეა ჩვენში ყველაზე მაღალი მოთხოვნა?
ლელა აბდუშელიშვილი
- დღეს ინგლისური ენის ცოდნის გარეშე ადამიანი ვერცერთ ორგანიზაციაში ვერ დასაქმდება. შესაბამისად, ბიზნეს და სტრატეგიული კომუნიკაციიის, ზოგადი და ბიზნეს-ინგლისურის მიმართულებებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ზოგადი ინგლისური ენის საფუძვლიანი ბაზის, საქმიანი ინგლისურის და ბიზნეს და სტრატეგიული კომუნიკაციის კომპეტენციებისა და უნარების გარეშე ეფექტურ კომუნიკაციას წარმატებულად ვერ შეძლებენ.
- საქართველოში ზრდასრული ადამიანების მხრიდან თუ შეიმჩნევა ინგლისური ენის შესწავლის ინტერესი?
- ზრდასრულთა განათლება ძალიან პოპულარული და აქტუალურია ევროპასა და აშშ-ში, შესაბამისად, სხვა ქვეყნებშიც, საქართველოს ჩათვლით. ჩემი სადოქტორო დისერტაციის თემაც ამას ეხება: „ზეპირი საკომუნიკაციო უნარების განვითარება ზრდასრულებში უცხო ენის სწავლების პროცესში“.
ჩემი აქტიური პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე ძირითადად ზრდასრულებთან მიწევს მუშაობა. ინგლისურს ვასწავლიდი არაჩვეულებრივ პიროვნებას და ქართველს, საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო და პროგრესულ მეცნიერს, ბატონ არნოლდ გეგეჭკორს, ასევე საქართველოს მილსადენი კომპანიის მუშაკებს, თავდაცვის სამინისტროს პერსონალს და ბევრი სხვა ქართული თუ უცხოური ორგანიზაციის თანამშრომელს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენში ზრდასრული ადამიანები დიდი შემართებით სწავლობენ ინგლისურს და შესანიშნავ შედეგებსაც აღწევენ.
- ინგლისურის სწავლის დროს ყველაზე დიდი სირთულე რა არის ქართველებისთვის?
ლელა აბდუშელიშვილის ნაქარგი
- ასეთი სირთულეებია: გამოთქმის და ინტონაციის დახვეწა, გრამატიკული სტრუქტურები და სიტყვების პოლისემანტიკა. ამ პრობლემებს შესაბამისი კომუნიკაციური მეთოდიკით ვძლევთ. შევიმუშავეთ ისეთი სავარჯიშოები და დავალებები, რომლებიც ამოცანის, დავალების შესრულებაზეა ორიენტირებული. ისინი მაქსიმალურ მობილიზებას და ყურადღების გამახვილებას მოითხოვს დავალების შესრულებაზე, ნაკლებ ფიქრს თეორიაზე, რაც მოსწავლეს უფრო მეტად მოტივირებულს ხდის, ხელს უწყობს მის გახსნას და დავალების შესრულებაში თავისუფლად ჩართვას.
- თქვენ წლების განმავლობაში გამოდიხართ მოხსენებებით სხვადასხვა კონფერენციებზე, მონაწილეობას იღებთ საგანმანათლებლო ღონისძიებებში. მათგან ყველაზე საინტერესო და განსხვავებული რომელი იყო?
- მართლაც, ჩემი პროფესიის წყალობით მოხსენებით უამრავ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციაზე გამოვსულვარ და მრავალ პროფილურ სამუშაო ჯგუფში მიმუშავია.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო 2008 წელს ნიუ-იორკის TESOL-ის უზარმაზარ კონფერენციაში მონაწილეობა, რომელიც ინგლისური ენის სწავლებას ეხებოდა. კონფერენცია მოიცავდა საინტერესო მოხსენებებს, წიგნების გამოფენებს, შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებთან, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.
ეს ღონისძიება იმითაც იყო გამორჩეული, რომ მანამდე არსად მომისმენია ინგლისური ენის ამდენი განსხვავებული ვარიაცია, იდიომატური გამოთქმები, ინტონაცია და ლექსიკა. გარდა ამისა, მოხსენებები იმითაც იყო უაღრესად საინტერესო და დასამახსოვრებელი, რომ თანამედროვე საჭირბოროტო საკითხებს ეხებოდა. ამ ღონისძიებამ ჩემს პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ლელა აბდუშელიშვილის ნაქარგი
- თუ გახსოვთ შეხვედრა უცხოელთან, რომლის დახვეწილმა ინგლისურმა თავი დაგამახსოვრათ?
- ნამდვილად მახსოვს. რადგან პროფესიონალი სინქრონისტ-თარჯიმანი და მთარგმნელი ვარ, შესაბამისად, უცხოელებთან კომუნიკაცია თითქმის ყოველდღიურად მიწევს. პანდემიის პირობებშიც კი დისტანციურ თარგმანზე მუდმივად მოთხოვნაა და მეც ამ ფერხულში ვარ ჩართული.
მახსოვს, 2010 წელს პარლამენტის თანაშრომლებისთვის ფინანსური აღრიცხვის საკითხებში ტრენინგი ჩატარდა, სადაც თარჯიმნად მიმიწვიეს. ჩემი მოსაუბრე ბრიტანელი პროფესიონალი ექსპერტი - საუკეთესო პიროვნება, დახვეწილი ინგლისურის მქონე, საოცარი იუმორით დაჯილდოებული პიროვნება გახლდათ. თავდაპირველად გამეცნო და ნახევარი საათი მესაუბრა მარტო იმისთვის, რომ მის აქცენტს და ინტონაციას შევჩვეოდი. შემდეგ ხუმრობით დასძინა, თარგმანში რომ არაფერი გაგეპაროთ და ომი არ წამოვიწყოთ, ყურადღება მიაქციეთ, რა ლექსიკას და ფრაზეოლოგიას ვიყენებო. ასევე გამაფრთხილა, იუმორსაც ხშირად მივმართავო.
ამ საუბრის დროს ეს ადამიანი მართლაც მუდმივად იყენებდა იდიომატურ გამოთქმებს, თან ცალი თვალით მიყურებდა - აბა, როგორ გაიგებსო. საოცარი ოსტატობით ანაცვლებდა ერთმანეთს გრამატიკულ-სინტაქსურ სტრუქტურებს, საშუალო და მაღალი რეგისტრის სიტყვებსა და გამოთქმებს, რომელთაგან ერთი დახვეწილი ფრაზა განსაკუთრებით დამამახსოვრდა: We should send him to prison at her Majesty’s pleasure. გამოთქმა: at her Majesty’s pleasure სიტყვა-სიტყვით ნიშნავს დამნაშავის საპყრობილეში/ციხეში განუსაზღვრელი ვადით ჩასმას მანამ, სანამ არ გადაწყდება, რომ ის საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი არ არის და არ გაათავისუფლებენ.
ლელა აბდუშელიშვილის ნამუშევრები
ასეთ ფრაზას მხოლოდ ენის ბუნებრივი მატარებლისაგან თუ მოისმენთ. ამდენად, იგი ჩემთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და სიტუაციის მიხედვით მას უკვე ხშირად ვიყენებ...
- აქვე მინდა ვახსენოთ თქვენი გატაცება, საოცარი ნაქარგები გაქვთ...
- ქარგვა ბავშვობიდან მიტაცებს და დროთა განმავლობაში ის ჩემს მნიშვნელოვან ხელსაქმედაც გადაიქცა. ქარგვას ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს: მოითხოვს მიზანსწრაფვას და საბოლოო შედეგის მიღწევის დაჟინებულ სურვილს, რაც ნებისმიერი საქმის ხარისხიანად შესასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ის დიდ ესთეთიკურ სიამოვნებას მანიჭებს. ამდენად, ჩემი აქტიურობა და ესთეტიკის სიყვარული ამ გატაცებაშიც გამოიხატება.
- რომელია თქვენი საყვარელი ინგლისური ფრაზა, რომელსაც ცხოვრებაში ხშირად იმეორებთ?
- When one door shuts another door opens, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: „როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იხსნება“.
მიყვარს ამ ფრაზის ხშირად გამოყენება, ვინაიდან დღეს საზოგადოებაში ერთგვარი უიმედობა, ნიჰილიზმი და ბრძოლისუნარიანობის დაკარგვა შეიმჩნევა. ამდენად, მათ, ვისთანაც ურთიერთობა მიწევს და გარკვეულ პესიმიზმს ვატყობ, ამ ფრაზით ვამხნევებ ხოლმე.
პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული მიდგომა და აზროვნება ნებისმიერ ბარიერს გადაგვალახინებს, უკეთესი მომავლის მოლოდინი კი დიდ საქმეებს გაგვაკეთებინებს...