თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების შეჩერება იყო რუსული მხარის გადაწყვეტილება, ამიტომ ფრენების აღდგენაც მათივე გადასაწყვეტია, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
დიპლომატმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები დაასახელა.
„ჩვენი პოზიციაა, რომ რუსული მხარე მზად თუ არის, სურვილი და ნება აქვს იმის, რომ რეისები აღდგეს, ამას წინ არაფერი უდგას, რადგან ჩვენ იმთავითვე მზად ვიყავით და ვართ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად“, — აღნიშნა აბაშიძემ.
ამასთან დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ პოზიტიური მიდგომის შემთხვევაში, პანდემიის მიუხედავად, ამ საკითხის სამუშაო დონეზე განხილვა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ავიარეისები აღსადგენად, მაინც შესაძლებელია.
რაც შეეხება იმ არგუმენტს, თითქოს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უსაფრთხოების პრობლემები აქვთ, აბაშიძემ განაცხადა, რომ რუს ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში არაფერი ემუქრებათ.
„უსაფრთხოების საკითხის წამოჭრა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“, — თქვა მან.
კიდევ ერთი პირობა, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ დააყენა, ეს „რუსოფობიული კამპანიის შეწყვეტაა“, რასაც ასევე გასცა პასუხი აბაშიძემ.
„ისინი ახსენებენ ანტირუსულ რიტორიკას. ჩვენი პასუხია, რომ აქ კრიტიკას ვერავის ავუკრძალავთ, მით უმეტეს, თუ კრიტიკის საფუძველი არსებობს“, – განაცხადა მან.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხები, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის პირობებია დასახელებული.
ამასთან რუსული დიპლომატიური უწყება აცხადებენ, რომ ისინი რჩებიან „რუსეთ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიზნების ერთგული“.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
წყარო: პირველი არხი