თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 13–18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში დაიწყო. ინფორმაციას დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე ავრცელებს.
მანამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ, თუმცა, თანხის გადახდის შემთხვევაში, ვაქცინას სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც იღებდნენ, მათ შორის, კაცებიც.
ჯაბიძის განცხადებით HPV-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით მოხდება:
15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.
პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
რაც შეეხება 10-11-12 წლის გოგონებს, ამ ასაკობრივ ჯგუფში აცრების კურსი ორ დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).
პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვლოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. ამიტომ უმჯობესია, ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.