თბილისი, 21 იანვარი - Sputnik.ერთ-ერთ კოვიდ-კლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ბასრი საგნით სახისა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ინფორმაციას ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია ავრცელებს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ექთანმა შემოვლისას შეამჩნია, რომ პაციენტი თავს ცუდად გრძნობდა. კლინიკის თანამშრომელმა მას ჟანგბადის ნიღაბი მიაწოდა, რა დროსაც პაციენტი თავს დაესხა.
როგორც ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუა აცხადებს, პაციენტი მკურნალობის კურსს რამდენიმე კვირის განმავლობაში აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა, ექთანსა და პაციენტს შორის კი მანამდე არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.
„ექთანმა შემოვლისას შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა, მივიდა, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა მისთვის სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია განესაზღვრა. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს, პაციენტმა ის დაიჭირა კისრით და ყელის მიმართულებით, რამდენჯერმე ბასრი იარაღით დაარტყა“, - აცხადებს სალომე ლოლუა.
მათი ცნობით, თავდამსხმელი გადაყვანილია მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში. ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ დამაკმაყოფილებელია. მას თავდასხმის შედეგად სახეზე და ყელზე მრავლობითი ნაკერების დადება დასჭირდა, ასევე დაზიანებული ჰქონდა სანერწყვე ჯირკვალი.
ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ ძალადობის ფაქტები გახშირებულია. ასოციაცია გმობს ძალადობას სამედიცინო პერსონალზე და სახელმწიფოს მოუწოდებს უფრო ქმედითი ნაბიჯები განახორციელოს მედიკოსების დასაცავად.