თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. სრული შეცდომაა გავრცელებული მოსაზრება, რომ კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი სიკვდილიანობას არ იწვევს, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისი თქმით, „ომიკრონის“ გავრცელება წითელას გავრცელების მაჩვენებელს უახლოვდება.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
სხვა შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო მსუბუქ ფორმებში ვითარდება. ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდგადატანილი პირებიც.
კულუმბეგოვის განცხადებით, მიუხედავად მსუბუქი მიმდინარეობისა, „ომიკრონთან“ მიმართებით განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ რისკ-ჯგუფში შემავალი პირები.
„სრული შეცდომაა გავრცელებული მოსაზრება, რომ „ომიკრონი" სიკვდილიანობას არ იწვევს. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა იქედან გამომდინარე, რომ რისკ-ჯგუფში შემავალი პირები, რომელთაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თირკმლის პათოლოგია, ონკოლოგიური დაავადებები, ჭარბი წონა, დიაბეტი, ახალი შტამის შემთხვევაშიც მაღალი რისკის პაციენტებად რჩებიან“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
მან მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისა და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებიდან ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5-დან 8 ათასამდე მერყეობს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1,4 ათასი შემთხვევა. ახალი შტამის გავრცელების კუთხით ლიდერობს თბილისი, შემდეგ კი იმერეთისა და აჭარის რეგიონები.