წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ავტომობილებისთვის გადაადგილება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე რამდენიმე საათით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. მეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების წარმოების გამო წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვარს დროებით შეიზღუდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საუბრისას.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ავტომობილებით გადაადგილება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე შეიზღუდება.
„საავტომობილო გზის მარცხენა ფერდობზე, ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრული სხეულის არეალში მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამიტომ ამ მონაკვეთში დროებით შევზღუდავთ გადაადგილებას, რათა მაქსიმალურად მოვასწროთ ყველა ტიპის სამუშაო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება 21 იანვრის დილის 07:00 საათიდან 12:00 საათამდე შეიზღუდება.
2015 წლის ივნისის წყალდიდობის შემდეგ, როდესაც წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დიდი ტრაგედია დატრიალდა, წყნეთი–ბეთანიის გზას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ეს ტერიტორია მუდმივად კონტროლდება.