თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ელექტროენერგიაზე ტარიფის სუბსიდირება სოციალურად დაუცველებისთვის შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 200 კვტ/სთ–ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC, სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
სემეკის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ტარიფი 2021 წლის 1 იანვარს 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველ პირებს ელექტროენერგიის გაზრდილ და ძველ ტარიფს შორის სხვაობა გადაუხადოს.
200 კვტ/სთ-მდე ოდენობით მოხმარებულ ენერგიაზე მოხდება სხვაობის - ერთ კილოვატზე 3,5 თეთრის სუბსიდირება. მათ, ვინც თვეში 200 კვტ/სთ-ზე მეტს მოიხმარს, მოქმედი ტარიფით გადაიხდის დახარჯული კილოვატების იმ ნაწილს, რომელიც გადააჭარბებს 200 კვტ/სთ-ს, განაცხადა ნარმიანიამ ტელეარხ „პალიტრა ტვ“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან ასევე აღნიშნა, რომ სუბსიდიას მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული აბონენტები, რომელთა კეთილდღეობა 150.000-ზე ნაკლები ქულითაა შეფასებული.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასეთი 310 ათასი ოჯახია. ეს დაახლოებით 1 მლნ მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 26,8%-ს წარმოადგენს.
ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობა არსებული ტარიფებით გადაიხდის, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი.
რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.
წყარო: PALITRA NEWS