თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების, მათ შორის უცხოელი პატიმრების მონაწილეობით სპექტაკლი „თეატრი აქაც არის“ გაიმართა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
სპექტაკლი რეჟისორმა ნელი ბადალაშვილმა დადგა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურის გამარჯვებულია. სპექტაკლში მონაწილე 23 მსჯავრდებულს რეპეტიციების პროცესში შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ სასცენო ხელოვნება და მეტყველება.
„ამ სივრცეში, ამ ნიჭიერ ქალბატონებთან მოხვედრა დიდი გამოცდილება და ბედნიერებაა. წინ კიდევ ექვსი თვე და ბევრი გეგმა გვაქვს“, - განაცხადა ბადალაშვილმა.
რეჟისორმა მსჯავრდებულებთან რამდენიმე კვირა იმუშავა და პირველი თეატრალური წარმოდგენა სტუმრებს შესთავაზა. მნიშვნელოვანია, რომ სასცენო დეკორაციები და რეკვიზიტებიც თავად მსჯავრდებულებმა დაწესებულებაში შექმნეს.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა, მსახიობები და სასულიერო პირები დაესწრნენ.
2021 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ქართულ ციხეებში 9.367 ადამიანია მოთავსებული, მათგან 314 ქალია.