საქართველოს პარლამენტს შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციონერი გამოაკლდეს

სხდომების გაცდენა და სასამართლოს განაჩენი სადეპუტატო მანდატის მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის - ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, ხოშტარიასა და ნათელაშვილისთვის მანდატის მოხსნის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
„ეს ორი დეპუტატი საშემოდგომო სესიის არც ერთ სხდომას არ დასწრებიან. ავტომატურად მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. ბუნებრივია, კომიტეტი ვალდებულია, საკითხი განიხილოს და დასკვნა პარლამენტის პლენარულ სხდომას მიაწოდოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, ამ შემთხვევაში სადეპუტატო მანდატის მოხსნის საფუძველი სასამართლოს განაჩენი შეიძლება გახდეს.
სასამართლომ იანვარში ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.