სად წავიდა კუჭავა? მმართველ პარტიაში განმარტება გააკეთეს

თუ რატომ დატოვა კუჭავამ საკანონმდებლო ორგანო ამ დრომდე უცნობია
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარყო ინფორმაცია პარლამენტის ექს-სპიკერ კახა კუჭავას „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ.
კუჭავამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 2021 წლის აპრილიდან ეკავა, პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა.
მისი ადგილი მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა დაიკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კუჭავა სადეპუტატო უფლებამოსილებასაც იხსნის.
„ეს არასწორი ინფორმაციაა. როდესაც ამის დრო მოვა, გაიგებთ“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
დღეს პარლამენტის ექს-სპიკერმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს მიმართა.
პარლამენტში კახა კუჭავას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს. სწორედ ცაგარეიშვილია მმართველი გუნდის საარჩევნო პარტიულ სიაში მომდევნო წევრი, რომელსაც პარლამენტის წევრობა უწევს. ის პარტია „ქართული ოცნების“ სიაში რიგით 62-ე ადგილზეა.
კახა კუჭავამ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით პარლამენტს მიმართა
„საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. 2015 წლიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება - საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტირების წახალისებაა.
„საპარტნიორო ფონდი" ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მრავალ პროექტს ახორციელებს, თითოეულის ღირებულება 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, 98 პროექტი დაფინანსებულია პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში. ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარზე მეტია.