თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე კახა კუჭავამ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს მიმართა.
კუჭავას განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს განსახილველად უკვე წარედგინა. შესაბამის გადაწყვეტილებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
პარლამენტში კახა კუჭავას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს. სწორედ ცაგარეიშვილია მმართველი გუნდის საარჩევნო პარტიულ სიაში მომდევნო წევრი, რომელსაც პარლამენტის წევრობა უწევს. ის პარტია „ქართული ოცნების“ სიაში რიგით 62-ე ადგილზეა.
კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა შალვა პაპუაშვილმა დაიკავა.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 2021 წლის აპრილში აირჩიეს. მან აღნიშნულ თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე შეცვალა.