ფეხბურთი: „საბურთალომ“ და „ვალენსიამ“ ხელშეკრულება გააფორმეს

თანამშრომლობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს „საბურთალოს“ აკადემიის განვითარება, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად პროფესიონალური და საკუთარი იდენტობა მოიპოვოს, მიაჩნიათ ესპანელებს
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „საბურთალომ" (თბილისი) და ესპანურმა „ვალენსიამ" სამწლიან თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმეს, ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტი მრავალმხრივი გახდება. ესპანურ კლუბს „საბურთალოში“ თავისი წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც ადგილზე მონიტორინგს განახორციელებს და პროცესს უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, კლუბებს შორის გაცვლითი პროგრამა იმოქმედებს. მწვრთნელები გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, ნიჭიერი ბავშვები სტაჟირებაზე გაემგზავრებიან, ასაკობრივი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურნირებში, ხოლო კლუბების ხელმძღვანელებს შორის მუდმივი კომუნიკაცია იქნება.
„ვალენსია” დიდი ტრადიციების მქონე, ძალიან ძლიერი და წარმატებული კლუბია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 3 წლიანია, მჯერა თანამშრომლობა უფრო ხანგძლივი იქნება“, - განაცხადა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
თავის მხრივ, „ვალენსიის“ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ თანამშრომლობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს „საბურთალოს“ აკადემიის განვითარება, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად პროფესიონალური და საკუთარი იდენტობა მოიპოვოს.
„ვალენსია” სისტემატურად საერთაშორისო პროექტების ძიებაშია. სასიამოვნოა, რომ თბილისის „საბურთალოსთან” მეგობრული და რაც მთავარია, საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა“, - აღნიშნა „ვალენსიის“ აკადემიის დირექტორმა შონ ბაისმა.
აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაჩნდება შესაძლებლობა, „საბურთალო“ უეფას „კონფერენს ლიგისთვის“ გაძლიერდეს „ვალენსიის“ მოთამაშეებით.
„საბურთალომ“ უეფას „კონფერენს ლიგაში“ მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც საქართველოს თასის მფლობელი გახდა. დედაქალაქელებმა ფინალში მინიმალური ანგარიშით 1:0 წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხეს.
წყარო - საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ვებგვერდი