თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ მოამზადა ორმოცამდე საინვესტიციო პროექტი სხვადასხვა სფეროში, რომელშიც მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს მოიზიდავს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები 2020 წელს 57,2%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით და 572 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობა უმნიშვნელოდ გაიზარდა - მხოლოდ 3,2%-ით 2020 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით და 728,4 მილიონი დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს საინვესტიციო პროექტებზე, რომლებსაც უკვე გაეცნო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„ეს არის, მაგალითად, განახლებადი ენერგეტიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება, არა მხოლოდ ჰესები, საუბარია ქარის ენერგიაზე, მზის ენერგიაზე და ისეთ ახალ ტექნოლოგიაზე, რომელსაც რეგიონში პირველები ვამუშავებთ. ეს არის „მწვანე“ წყალბადი, ასე ვთქვათ, მომავლის ენერგეტიკული ტექნოლოგია“, - აღნიშნა თურნავამ.
მინისტრმა სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განვითარების დიდ მნიშვნელობაზე მიუთითა.
„ნამახვანის“ პერიპეტიებმა გვაჩვენა, რომ ასეთ სტრატეგიულ პროექტებში, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ნდობას იწვევს ის ფაქტი, თუ სახელმწიფო არის ლიდერი და სახელმწიფო უფრო მეტ გადამწყვეტ სიტყვას ამბობს. ამ ტიპის პროექტებში სახელმწიფო მზად არის ლიდერობისთვის, რადგან ეს ისეთი სტრატეგიული პროექტებია, რომლისთვისაც რესურსი ყოველთვის მოინახება“, – განაცხადა თურნავამ „პირველი არხის“ ეთერში.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე ისეთ ამბიციურ პროექტებზე, როგორიცაა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანა შავი ზღვის ფსკერზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს.
„ეს არანაკლები მნიშვნელობის პროექტია, ვიდრე თავის დროზე, თუნდაც, „შაჰდენიზი“ იყო. როდესაც ის განხორციელდება, საქართველოს და მთელ რეგიონს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ფიზიკურად დააკავშირებს“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მინისტრის სიტყვებით, არის რამდენიმე ლოგისტიკური პროექტი - შავი ზღვის აკვატორიის საპორტო განვითარება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ასრულებს სტრატეგიას, რომელიც განსაზღვრავს, რომელი პორტი რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს, რათა უკეთ მოემსახუროს საქართველოს ამოცანებს და საჭიროებებს, როგორც რეგიონის კარიბჭეს.
თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ტურიზმს უზარმაზარი დარტყმა მიაყენა, აღდგენა დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს. ამიტომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ობიექტების მშენებლობა და კურორტების განვითარება აქტუალურობას ინარჩუნებს. ეკონომიკის სამინისტრომ 28 ახალი ტურისტული პროექტი მოამზადა.
„ზოგი არის ტრადიციული, ჩვენი ტურისტული დასახლებების განვითარება, ზოგი კი სრულიად ახალია, არა მარტო ერთი კონკრეტული სასტუმროს, არამედ მთლიანად ტურისტული არეალის განვითარება, რომელიც არა ქაოტურად, არამედ თავიდანვე სწორად დაგეგმვით მოხდება. დარწმუნებული ვართ, ეს პროექტები ძალიან საინტერესო იქნება ძალიან ბევრი ინვესტორისთვის“, – განაცხადა თურნავამ.
2022 წელი ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნება და ახლო მომავალში საზოგადოებისთვის ბევრი მასშტაბური პროექტის შესახებ გახდება ცნობილი, ირწმუნება მინისტრი.
დასასრულს მან ხაზი გაუსვა, რომ 2022 წელს ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს პასიური მიდგომის შეცვლას და აღარ დაელოდება, როდის დაინტერესდებიან ინვესტორები საქართველოთი. ინვესტორების მოძიება სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყება.