საქართველოს საავადმყოფოებში ინფექციების გავრცელების მონიტორინგი დაიწყო

კლინიკების მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს კლინიკებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.
10 თებერვლის ჩათვლით ექსპერტები შეამოწმებენ 34 დაწესებულებას, აღნიშნავენ უწყებაში.
„კონტროლის ეს მექანიზმი არსებითად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, კოვიდ-ინფექციის გავრცელების პერიოდში“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
კლინიკების მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ექსპერტების შერჩევასა და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.
რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა ინფექციების კონტროლის დიდ მნიშვნელობაზე, ვინაიდან ხშირად ლეტალური დასასრულის მიზეზი არა კორონავირუსი, არამედ ჰოსპიტალური ინფექციაა.
ამას მოჰყვა საქართველოს მთავარი ინფექციონისტის თენგიზ ცერცვაძის პასუხი. მან განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სხვებზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციაში, სადაც არცთუ იშვიათია ჰოსპიტალური ინფექციები, ამიტომ დიდია ინტუბირებული კოვიდ-პაციენტების ინფექციით დასნეულების ალბათობა.
ცერცვაძის თქმით, ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი შენობები, ახლად გარემონტებული ოთახები, ერთჯერადი ინსტრუმენტები, ვენტილაციისა და სტერილიზაციის ძალიან კარგი სისტემები.
როგორც ცერცვაძემ განმარტა, ჰოსპიტალური ინფექციების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ინსულტიანი, ინფარქტიანი, ონკოლოგიური, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის.