თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნულმა ფედერაციამ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილე ქართველ მოციგურავეთა გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
ქართველი მოციგურავეები ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობას პირველად მიიღებენ.
პეკინში საქართველოს სახელით შემდეგი მოციგურავეები გაემგზავრებიან:
ერთეული კაცები: მორის ყვითელაშვილი
ერთეული ქალები: ანასტასია გუბანოვა
სპორტული ცეკვები: მარია კაზაკოვა/გიორგი რევია
სპორტული წყვილები: კარინა საფინა/ლუკა ბერულავა
სათადარიგო შემადგენლობა: ალინა ურუშაძე (ქალები), ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია მეტელკინა- დანიილ პარკმანი (სპორტული წყვილები)
ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ნაკრების დაკომპლექტებისას მთავარი კრიტერიუმი მოქმედი მოციგურავეების მაღალი სპორტული შედეგები და მათი პერსპექტივების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გუნდის ფორმირება იყო.
საქართველოს გარდა ოლიმპიური პროგრამის აღნიშნულ სახეობაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, აშშ-ის, კანადის, იაპონიის, ჩინეთის, იტალიის, გერმანიის, ჩეხეთისა და უკრაინის გუნდები.
შეჯიბრებებში მონაწილეობს თითოეული ნაკრებიდან ექვს-ექვსი წარმომადგენელი – ინდივიდუალური (ქალები და მამაკაცები), წყვილები და სპორტული ცეკვები.
2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს პეკინი 4-20 თებერვლის პერიოდში უმასპინძლებს. ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა 4 თებერვლიდანვე დაიწყება.