COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს კოვიდ-პასპორტი შვეიცარიამ აღიარა

ამ ეტაპზე კოვიდ-პასპორტთან ერთად შვეიცარიაში ჩასულთათვის კვლავ სავალდებულო რჩება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში, რომელთა კოვიდ-სერტიფიკატებსაც შვეიცარია აღიარებს, საქართველოც მოხვდა.
საქართველოს გარდა, ჩამონათვალში კიდევ 27 ქვეყანაა, მათ შორის სომხეთი და უკრაინა.
ამასთან ერთად, უწყება საქართველოდან შვეიცარიაში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ჩასვლისას, კოვიდ-პასპორტთან ერთად, კვლავ სავალდებულოა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.
გასული წლის ნოემბერში ქართული კოვიდ-პასპორტი ევროკავშირმაც აღიარა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ.
„მწვანე პასპორტებისთვის" სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდანაა შესაძლებელი.
საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. გარკვეულ დაწესებულებებში შესვლა მხოლოდ კოვიდ-პასპორტით არის შესაძლებელი. მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ასევე ტურისტებისთვის მოქმედებს.
წყარო - საქართველოში შვეიცარიის საელჩო