ყვითელი ამბები

სამი უძლიერესი ფილმი პენელოპა კრუსის მონაწილეობით, რომელიც ეკრანებზე 2022 წელს გამოდის

2022 წელს მაყურებელი პენელოპა კრუსის მონაწილეობით ერთდროულად სამ ფილმს ნახავს.
Sputnik
სამივე მათგანს კინოკრიტიკოსები უკვე აძლევენ მაღალ შეფასებასა და თვლიან, რომ 2022 წელი პენესთვის საუკეთესო იქნება. პირველი ამ სამეულში გახლავთ პედრო ალმადოვარის „პარალელური დედები“. ფილმი 2021 წელს „ვენეციის კინოფესტივალზე“ აჩვენეს, სადაც მან ფურორი მოახდინა.
ფილმი ორი ქალის ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთმანეთს სამშობიარო სახლში ხვდებიან. გარდა იმისა, რომ ალმადოვარის ახალი ფილმი დედებისა და შვილების გასაოცარ კავშირზე გვიყვება, ის ასევე სვამს მარადიულ კითხვას, რა არის იდეალური ოჯახური ცხოვრების საიდუმლო.
მეორე ამ ჩამონათვალში გახლავთ საიმონ კინბერგის ჯაშუშური დრამა „კოდი 355“, სადაც პენელოპას პარტნიორობას უწევენ ჯესიკა ჩესტეინი, ლუპიტა ნიონგო და დაიან კრიუგერი. ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომელი ქალების ამბავს გვიყვება, რომლებიც ერთიანდებიან, რათა მასიური განადგურების იარაღის წარმოება შეაჩერონ.
„ზღვარზე“, ასე ჰქვია ესპანეთისა და ბელგიის ერთობლივ პროდუქციას, რომელიც რეჟისორმა ხუან დიეგო ბოტომ გადაიღო. ეს გახლავთ ერთ დღეს განვითარებული ისტორიების კრებული, რომელიც ბოლოს ლოგიკური ჯაჭვით იკვრება.