თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. იძულებით გადაადგილებულების საცხოვრებლით სრული დაკმაყოფილებისთვის 1,5 მილიარდი ლარია საჭირო, განაცხადა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა დავით სერგეენკომ.
დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კვირას, 16 იანვარს 52 წლის მამაკაცი ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ ფანჯრიდან გადმოხტა.
ამ შენობაში თითქმის 30 წელია, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. მათი ნაწილი 2021 წლის დეკემბრის ბოლოდან საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს იოთხოვს.
„ამ წლების განმავლობაში დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, თუმცა იმისათვის, რომ დევნილებს მთლიანად, სისტემურად მოუგვარდეთ ეს საკითხი, საჭიროა დამატებით 1,5 მილიარდი ლარი. ნამდვილად მჯერა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება“, – განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.
მან გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. „ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა“, – აღნიშნა მან.
ყოფილი სანატორიუმის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება საშიშია, ხოლო გადასვლა არ შეუძლიათ, რადგან სახელმწიფო მათ ქირისთვის საჭირო თანხას არ აძლევს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემებით, ყოფილი სანატორიუმის მცხოვრებლებმა პირობა მიიღეს, რომ 2022 წლის განმავლობაში ისინი ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებენ. ასევე ძალაშია მთავრობის შეთავაზება დროებით დაქირავებულ ბინებში გადასვლის თაობაზე, რომლის თანხასაც ხელისუფლება გადაიხდის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 18 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულებს, უსაფრთხოების პირობების დაცვის შემთხვევაში, შეასახლებენ სახლებში, რომლებიც ჯერ არ არის შესული ექსპლუატაციაში.
კერძოდ, ბრძანების თანახმად, იძულებით გადაადგილებულთა განსახლების კომისიას შეუძლია ადამიანების განსახლება მრავალბინიან სახლებში ექსპლუატაციაში მიღებამდე, თუ იქ უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება და შესაბამისი საცხოვრებელი პირობები
გარდა ამისა, ბრძანების თანახმად, დევნილის ოჯახს სამინისტროსგან საცხოვრებლის ქირის მიღება შეუძლიათ სამი თვის განმავლობაში, თვეში მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით. ვადა შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს კომისიის მხრიდან ბინის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში.