„ნამახვანჰესის“ საკითხი - მთავრობას ENKA-სთან დავა არ სურს

ENKA საქართველოს მთავრობას კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს გეგმავს
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს მთავრობას თურქულ ინვესტორთან, კომპანია ЕNKA-სთან მშვიდობიანად მოლაპარაკება სურს, აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თურქულმა კომპანია ЕNKA-მ 2020 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა. „ნამახვანჰესი“ს პროექტის ხორცშესხმის შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).
„ჩვენ შევეცდებით დავხუროთ ინვესტორთან ამ ურთიერთობების გვერდი არბიტრაჟის გარეშე. თუ დავინახავთ, რომ ინვესტორი მზადაა, გახდეს უფრო მოქნილი და სწორად უპასუხოს მოსახლეობის კითხვებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, დაბრუნდეს საქართველოში, ჩვენ ამაზე სალაპარაკოდ მზად ვიქნებით. თუ მოლაპარაკების შედეგად ისე აღმოჩნდება, რომ უმჯობესი იქნება ინვესტორთან დაშორება, ეს დავის გარეშე უნდა მოხდეს“, - აღნიშნა თურნავამ.
კომპანია ENKA საქართველოს მთავრობას კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გეგმავს, საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტის შექმნის, მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება თურქულ კომპანია ENKA-ს და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო.
კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის დაბანდება იგეგმებოდა. თუმცა მრავალრიცხოვანი დაბრკოლებისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო ENKA-მ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოში ათ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პერმანენტული აქციები რიონის ხეობაში.
კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ითხოვდნენ საქართველოს მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის ხელშეკრულების ანულირებას, რომელიც, მათი თქმით, შედგენილი იყო საქართველოსთვის არახელსაყრელი პირობებით. დემონსტრანტები ითხოვდნენ ყველა იმ პირის გამოვლენას, რომელსაც მშენებლობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან კავშირი ჰქონდა, ასევე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას.