თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოში მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა გაზრდის კონკურენციას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფასების შემცირებას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირებას. კვირის დასაწყისში ხელი მოეწერა მთავრობის დადგენილებას ბაზრის გახსნის თაობაზე. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოში წამლები საგრძნობლად გაიაფდება.
„ახლა ამ გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია ის, რომ დადებითი მოლოდინები გაჩნდა და თქვენ ნახავთ, რომ სულ რამდენიმე ხანში კონკურენცია გაფართოვდება. ეს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასებსაც დაარეგულირებს. სხვაგვარად არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეს არის დადებითი სოციალური ზემოქმედების მაგალითი კლასიკური ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით.
დღეს საქართველოს არაერთი მოქალაქე წამლების შესაძენად თურქეთში მიემგზავრება, რადგან მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებითაც კი მათ წამლების ყიდვა მეზობელ სახელმწიფოში უფრო იაფი უჯდებათ. მინისტრმა საქართველოში წამლების დღევანდელ ფასებს ნონსენსი უწოდა, მთავრობის გადაწყვეტილებას კი - ლოგიკური.
„აქამდე კონკურენცია ხელოვნურად იყო შეზღუდული და ხელოვნურად შეზღუდულმა კონკურენციამ გამოიწვია ის, რომ თანაბარი ხარისხის, დასახელებისა და ზემოქმედების მედიკამენტი სამ-ოთხჯერ იაფი ღირდა მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, რომელთანაც ზოგადად ლიბერალური, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, და გაცილებით ძვირი ღირდა საქართველოში, რაც ნონსენსია“, – განაცხადა თურნავამ „პირველი არხის“ ეთერით.
მან ხაზგასმით აღნიშნა ასევე, რომ მედიკამენტები პირველი საჭიროების საქონელია და ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მომხმარებლის ინტერესების დაცვა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნებისმიერი თვალთახედვით არის სწორი და ამ გადაწყვეტილებით მედიკამენტების ადგილობრივი წარმოება მხოლოდ გაჯანსაღდება.
საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გააუმჯობესებს ვითარებას ფარმაცევტულ ბაზარზე როგორც ფასების რეგულირების, ისე მედიკამენტების ხარისხის მხრივ. მალე პროცესს საპარლამენტო კომიტეტები შეუერთდებიან.
პრემიერ-მინისტრმა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრს მიმართა.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. ეს ხელს შეუწყობს ფარმაცევტული ბაზრის გაჯანსაღებას, გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მიღწევას.
მისი სიტყვებით, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ მთავარი პრობლემა არის რეცეპტებისა და დანიშნულებების მოქმედი სისტემა, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი, ხელსაყრელი გარიგებები წვრილ იმპორტიორებსა და ექიმებს შორის, რომლებიც რეცეპტებსა და დანიშნულებას წერენ.
„პირველი - დანიშნულების გამოწერისას მითითება ხდება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რაც აძვირებს მედიკამენტების მოხმარებას და მეორე - ხდება მედიკამენტების ჭარბი მოხმარებაც. არის შემთხვევები, როდესაც ერთი დანიშნულების სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი ინიშნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლექვინაძემ.
მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ რეცეპტები და დანიშნულებები გამოიწერებოდეს მხოლოდ ელექტრონულად, რათა მაკონტროლებელ ორგანოს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა წამალი და ვის მიერ იქნა დანიშნული.
ამასწინათ ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების ფასების დარეგულირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, როგორც ინფლაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზომა.
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 13,9% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში (2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბრის მიმართ).