მორწმუნეებმა თოვლში და ყინვაში ზღვაში იბანავეს - ვიდეო

ნათლისღების დღესასწაულზე ბათუმში სასულიერო პირები ყოველ წელს აკურთხებენ წყალს, შემდეგ კი იმართება ტრადიციული ბანაობა ზღვაში.
Sputnik
მორწმუნეები ზღვის სანაპიროზე მივიდნენ და ნაკურთხ წყალში იბანავეს. სანაპიროზე მორიგეობდნენ მაშველები. ვინაიდან ბათუმში თოვდა, სანაპიროზე მისულმა მორწმუნეებმა გათბობის მიზნით ცეცხლი დაანთეს.
ქართული ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს 12-დან ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ნათლისღებას. ნათლისღება სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული. პანდემიის გამო, საპატრიარქომ ტრადიციული მსვლელობის გამართვაზე უარი თქვა.
ნათლისღების დღესასწაულზე მორწმუნეები იესოს ნათლობას იხსენებენ. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა სწორედ ამ დღეს განათლა 30 წლის იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. ამ დღეს ღვთის განცხადებაც ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ, როდესაც მონათლული იესო მდინარიდან ამოვიდა, პირველად განცხადდა წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“.