თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარიდან მოსახლეობას ნათლისღების ბრწინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსთვის მიწის ფართობის გადაცემის გადაწყვეტილება იორდანიის მეფე აბდულა მეორემ და პრინცმა ღაზიმ მიიღეს.
„300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა, რომელიც შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი პატრიარქის, მისი უწმინდესობის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს, დღესასწაულთან დაკავშირებით კი ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა, ასევე დაწესდა ნათლობა.
ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ტრადიციულად, ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.