თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. ევროკომისიის რეგულაციით (2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34), საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტია დაშვებული, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.
საქართველოში ლოკოკინების წარმოების განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი განხორციელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჯამში, ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 824 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ფერმერების დასახმარებლად მიზნობრივ კრედიტებს ითვალისწინებს დაბალი ტარიფით.