ეპარქია ციხის ნაცვლად - მეუფე ნიკოლოზი მთავრობას გამოსავალს სთავაზობს

მღვდელმსახური ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ იქნება ამ ინიციატივის წინააღმდეგი
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შინა პატიმრობაში, ეპარქიაში, გადაყვანის ინიციატივით გამოვიდა.
2018 წლის იანვარში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზაციაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს).
„სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრი იყო, რომ მოსახერხებელი იქნება, ის არ იყოს თავის სახლში, ანუ სადაც ცხოვრობს თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი მზადაა, მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. მისი სიტყვებით, მან უკვე განიხილა აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრეზიდენტთან.
„მასთან მისაუბრია და ვიცი მისი აზრი, რომ, სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონი, ქვეყნისთვის ასე უკეთესი იქნება. თუ ისურვებს ჩვენი ხელისუფლება, მზად ვარ, ხელისუფლებასთან ვითანამშრომლო ამ საკითხზე და ყველანაირი პირობა შევქმნა ჩემს ეპარქიაში“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში 2021 წლის ნოემბერში შეხვდა. მან ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხეში აზიარა შიმშილობის დროს. სააკაშვილმა შიმშილობა დაკავებისთანავე, 1 ოქტომბერს გამოაცხადა და 20 ნოემბერს დაასრულა.
სააკაშვილი სასჯელს იხდის ორ სისხლის სამართლის საქმეზე. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს.