იძულებით გადაადგილებულთა განსახლების ახალი წესები – რა წერია ბრძანებაში

ბრძანების თანახმად, იძულებით გადაადგილებულთა ოჯახებს სამინისტროსგან საცხოვრებლის ქირის მიღება შეუძლიათ სამი თვის განმავლობაში, თვეში მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. იძულებით გადაადგილებულებს, უსაფრთხოების პირობების დაცვის შემთხვევაში, შეასახლებენ სახლებში, რომლებიც ჯერ არ არის შესული ექსპლუატაციაში. შესაბამის ბრძანებას სამშაბათს ხელი მოაწერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ბრძანების თანახმად, იძულებით გადაადგილებულთა განსახლების კომისიას შეუძლია ადამიანების განსახლება მრავალბინიან სახლებში ექსპლუატაციაში მიღებამდე, თუ იქ უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება და შესაბამისი საცხოვრებელი პირობები.
გარდა ამისა, ბრძანების თანახმად, დევნილის ოჯახს სამინისტროსგან საცხოვრებლის ქირის მიღება შეუძლიათ სამი თვის განმავლობაში, თვეში მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით. ვადა შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს კომისიის მხრიდან ბინის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში.
რა გახდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ბრძანებაში დაზუსტებული არ არის.
ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობიდან 16 იანვარს 52 წლის მამაკაცი ფანჯრიდან გადმოხტა. შენობაში თითქმის 30 წელია, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. მათი ნაწილი 2021 წლის დეკემბრის ბოლოდან საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებას მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მიცემას სთხოვს. ისინი ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება საშიშია, ხოლო გადასვლა არ შეუძლიათ, რადგან სახელმწიფო მათ ქირისთვის საჭირო თანხას არ აძლევს.
საქართველოში ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი სამი წლის განმავლობაში ბინას მიიღებს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემებით, ყოფილი სანატორიუმის მცხოვრებლებმა პირობა მიიღეს, რომ 2022 წლის განმავლობაში ისინი ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებენ. ასევე ძალაშია მთავრობის შეთავაზება დროებით დაქირავებულ ბინებში გადასვლის თაობაზე, რომლის თანხასაც ხელისუფლება გადაიხდის.
წყარო: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო