COVID-19 - ბოლო ცნობები

თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება, სკოლაში არ გაუშვათ: ინფექციონისტი

მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდისა და „ომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელებისა, ეპიდემიოლოგები სწავლის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების რეკომენდაციას არ გასცემენ.
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მშობლებს მოუწოდებს, თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება, სკოლაში არ გაუშვან და სახლში დატოვონ.
სასწავლო პროცესი 17 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში განახლდა. თუმცა, სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.
როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს.
„თუ ბავშვს აღენიშნება გარკვეული სიმპტომატიკა - ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა, ასეთ დროს უნდა მოვარიდოთ სხვა ადამიანებს და სკოლაში არ გავუშვათ. როგორც მშობლებმა, ასევე ბავშვებმა და სკოლის პერსონალმა რეკომენდაციები უნდა დაიცვან“, - განაცხადა გოგინავამ.
მშობლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკ-ჯგუფის მასწავლებლებს სურვილის შემთხვევაში გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება შეუძლიათ. კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში კი კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.
რეკომენდაციების მიხედვით, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული არიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას.
ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ეპიდემიოლოგები „ომიკრონის“ რეკორდულად სწრაფ გავრცელებას პროგნოზირებენ
სასწავლო პროცესის დაწყებას არსებულ ეპიდვითარებაში დამატებით გამოწვევად მიიჩნევენ ეპიდემიოლოგები. ექიმები მოუწოდებენ მშობლებს, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, შვილები სკოლაში არ წაიყვანონ და სწრაფ ტესტთან ერთად, ვირუსის გამოსავლენად PCR ტესტი გამოიყენონ.
18 იანვარს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა (1.006.864), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი შემთხვევების – 7.521. ეპიდემიოლოგების თქმით, იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში ეს რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და პიკს მიაღწევს.