თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება დაამტკიცა.
დოკუმენტის თანახმად, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი იქნება.
ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ბრძანება ძალაში 20 იანვრიდან შევა.
სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. ზრდა ორივე კომპონენტს შეეხება.
ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცულმა 400-მდე სოცმუშაკმა გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა.
სოცაგენტების განმარტებით, უფლებამოსილების აღსრულებისას ისინი ბევრ პრობლემას აწყდებიან. კერძოდ, მათ საკუთარი ხარჯებით უწევთ კონკრეტულ ბენეფიციართან (ოჯახი) მისვლა, ამასთან, პანდემიის პირობებში ისინი საკუთარი ჯანმრთელობით რისკავენ.
როგორც 16 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები 60%-მდე გაიზრდება.
გაფიცულები ხელფასების 60%-იან ზრდას არ თანხმდებიან. აქციის მონაწილეების განცხადებით, საპროტესტო აქციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი ანაზღაურება 100%-ით არ გაიზრდება.
ჯანდაცვის სამინისტროსთან სოცმუშაკები საპროტესტო აქციას დღესაც მართავენ.