ირლანდიური მითოლოგია, ლეგენდებად ქცეული ამბები, თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი და მის მიერ შექმნილი ლიტერატურული ფასეულობა - ყოველივე ამას მოიცავს პროზაიკოსის, მთარგმნელის, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის, ნანა შალამბერიძის საინტერესო მთარგმნელობით - ლიტერატურული საქმიანობა.
როცა ირლანდიის დედაქალაქში პირველად ჩავიდა, კარგად იცოდა, რომ დუბლინი დიდი ლიტერატურული ტრადიციების ქალაქი იყო და ეს, არალეგალისთვის მოსალოდნელ სირთულეებს ნაწილობრივ მაინც გადაფარავდა... სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მის მიერ განხორციელებული პროექტების უმრავლესობა ირლანდიელებს, ირლანდიურ კულტურასა და ლიტერატურას უკავშირდება. 2017 წელს, თანამოაზრე მეგობრებთან ერთად დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია - „საქართველო-ირლანდიის კულტურული ურთიერთობების ცენტრი“, რომელმაც ორი ერის კულტურული ურთიერთობის საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.
- ქალბატონო ნანა, თავის დროზე რა გახდა ირლანდიური ენის მიმართ თქვენი ასეთი გამორჩეული დამოკიდებულების მიზეზი?
- ეს დამოკიდებულება არ მოუტანია არც საოცარ ირლანდიურ სამყაროს და რაც რაიმე ინტერესს. თავდაპირველად ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ, თუნდაც დროებით დგები იმ ფაქტის წინაშე, რომ ამ ქვეყნის შვილები მშობლიური ირლანდიური ენის ცოდნის დეფიციტს განიცდიან. შემდეგ, იმ ქვეყნის ისტორიის შესწავლისას გექმნება რეალური სურათი, რაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცნობია. კერძოდ ის, რომ ინგლისის იმპერიის ცხრასაუკუნოვანმა კოლონიურმა რეჟიმმა ირლანდიური ენა ინგლისურით ჩაანაცვლა. უფრო სწორად, ხალხს მშობლიურ ენაზე საუბარიც კი აუკრძალა, რაც სადამსჯელო ოპერაციებით განახორციელა. ეს იმიტომ, რომ მათი მეხსიერებიდან ისტორიული წარსული საერთოდ ამოეგდო. ისინი მათ აჯერებდნენ იმაში, რომ ირლანდიელი ერი არ არსებობდა და მათი ისტორიული არსებობის ათვლა ინგლისის ირლანდიაში შემოსვლით დაიწყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, (რასაც ჩრდილოეთ ირლანდია შეეწირა) ირლანდიელები მუდმივად იბრძვიან იმისთვის, რომ ახალ თაობას ამ ენის მიმართ ინტერესი აღუძრან. დღეს ეს ქვეყანა ორენოვანია, მაგრამ ოფიციალური წარმოება აქ მაინც ინგლისურ ენაზე ხდება. ამ დროს თავს იჩენს უსამართლობისა და ძალმომრეობის, დაჩაგვრისა და დამცირების განცდა. უნებურად, პარალელს ავლებ საქართველოსთან, სადაც რუსეთის იმპერიას ორჯერ ჰქონდა იმის მცდელობა, რომ ქართული ენა განედევნა და რუსული დაემკვიდრებინა. ყოველივემ საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ორ ენას, ქართულსა და ირლანდიურს, ძალიან სჭირდება პოპულარიზაცია.
- დუბლინში პირველად როდის ჩახვედით და მოლოდინი თუ გაგიმართლდათ?
- ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, 2006-2012 წლებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და აფხაზეთის დაკარგვის შემდგომ პერიოდში, საქართველოში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა. როცა დუბლინში ჩავედი მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა. ძალიან მიმზიდველი და საინტერესო იყო იმ ლიტერატურული თუ პოლიტიკური პროცესებისთვის თვალის მიდევნება, რამაც ჩემი საყვარელ მწერლებს: ბერნარდ შოუს, უილიამ ბათლერ იეიტსს, ოსკარ უაილდს, შეიმაზ ჰინს, სამუელ ბიკეტს, ბრამ სტოკერს, ჯეიმზ ჯოისსა თუ არა ერთ დიდ, ,,ინგლისურენოვან“ მწერალს, როგორც მათ უწოდებდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, დამოუკიდებლობის შემდეგ, ირლანდიელი პოეტის, მწერლისა თუ ლიტერატორის სტატუსი დაუბრუნა.
- იმ ირლანდიელი მწერლებიდან, რომლებიც ჩამოთვალეთ, ფავორიტიც გეყოლებათ...
- ძალიან მიყვარს ირლანდიელი მწერლები, მაგრამ მათგან მაინც გამოვყოფ უილიამ ბათლერ იეიტსს. მან ლედი გრეგორთან ერთად, სულ ფეხდაფეხ შემოიარა დასავლეთ ირლანდია, სადაც ირლანდიური ენა ასე თუ ისე, უფრო შემორჩენილი იყო. ეძება ის ადამიანები, რომელთა მეხსიერებას ჯერ კიდევ შეეძლო აღედგინა ბუხრის პირას მოსმენილი მითები და ლეგენდები. ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ხდებოდა და მწერალს იმისთვის სჭირდებოდა, რომ ირლანდიელ ხალხს მათი იდენტობის შენარჩუნებაში დახმარებოდა.
- ბუხრის პირას მოსმენილი მითები და ლეგენდები ახსენეთ-ირლანდია საოცარი ლეგენდების ქვეყანაა...
- გეთანხმებით, ძალიან საინტერესოა ირლანდიური მითოლოგიური სამყარო და ლეგენდებად ქცეული მითოლოგიური ამბები. რაც მთავარია, ეს ამ უძველესი ერის არსებობის უტყუარი დასტურია. ითვლება, რომ ირლანდიური მითოლოგია ათასობით წლით ადრე თარიღდება, ვიდრე კელტები ირლანდიაში ჩავიდნენ. ირლანდიური მითოლოგია ოთხ სხვადასხვა ციკლად იყოფა: მითოლოგიის ციკლი, ულსთერის ციკლი, ფენიანის ციკლი და მეფეთა ციკლი. თითოეული ციკლი უნიკალურია და უხვად შეიცავს სხვადასხვა ისტორიასა და ამბავს, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს ტუათა დე დანაანის პერიოდიდან-წმინდა პატრიკის შემოსვლის შემდგომი პერიოდის ჩათვლით.
- მინდა მკითხველს თქვენ მიერ გაწეული ფართო სპექტრის მთარგმნელობითი საქმიანობიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი და ნაწარმოები შევახსენოთ...
- 2021 წელს გამოიცა ,,ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია“, რომელიც მთარგმნელთა ჯგუფთან ერთად შევადგინე. მისთვის ვთარგმნეთ და ქართველ მკითხველს შევთავაზეთ XVIII საუკუნიდან მოყოლებული დღემდე პერიოდის გამორჩეული პოეტების მიერ ორივე ენაზე –ირლანდიურ და ინგლისურ ენებზე შექმნილი პოეზიის ნიმუშები: 62 პოეტის 163 ლექსი. ეს არის წიგნი, რომელშიც პოეზიითაა გადმოცემული ქვეყნის ისტორია, ის სევდიანი და მწარე წარსული, რომლის დავიწყება შემდგომი თაობების ძალებს აღემატება. 2018 წელს გამოიცა ასევე ჩემ მიერ თარგმნილი ირლანდიელი მწერლის, მიქაელ პატრიკ მულვიჰილის წიგნი ,,ციმბირის ჯოჯოხეთური ხვრელი“, რომელშიც დაუფარავადაა აღწერილი პოსტსაბჭოური ცხოვრება დაშლილ იმპერიაში და იმპერიის ყოფილ ,,მოკავშირე“ ქვეყნებში. 2017-2018 წლებში, ჩემი ავტორობით, ორ წიგნად გამოიცა ესეისტიკის ჟანრის წიგნი ,,მიგრანტები“, რომელიც ირლანდიის დამოუკიდებლობის მეასე წლისთავს მიეძღვნა. ორივე წიგნი მოგვითხრობს ირლანდიაზე, ქედუხრელ ირლანდიელ ხალხსა და ამ ქვეყნის ტრადიციებსა და ფასეულობებზე. ასევე, იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე, ირლანდიელების დამოკიდებულებაზე მათ მიმართ, ზოგადად მათ ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებსა და მიგრანტებზე.
- საქართველოში როდის დააარსეთ „საქართველო-ირლანდიის კულტურული ურთიერთობების ცენტრი“?
- არაკომერციული „საქართველო-ირლანდიის კულტურული ურთიერთობების ცენტრი“ (ქართულ-ირლანდიური ცენტრი), საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2017 წლის აპრილში, მეგობრებთან ერთად დავაარსე. ჩვენი მიზანი იყო ცენტრის საინტერესო და აქტუალური პროექტების განხორციელებით, ამ ორ უძველეს, ერთნაირი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანას შორის ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში მიგვეღო მონაწილეობა და მასში საკუთარი წვლილი შეგვეტანა. 2017 წლის ივნისში, ქართულ-ირლანდიურმა ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, დააფუძნა ტრადიცია და ჩვენ შევუერთდით დუბლინის ბლუმსდეის ფესტივალს, რომელიც ორი სახელოვანი ირლანდიელის, პოეტ უილიამ იეიტსისა და მწერალ ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებას უკავშირდება. ჩვენი მიზანია ამ ფესტივალის ფარგლებში, ჩვენს დედაქალაქში ირლანდიელი მწერლებისა და ირლანდიური ლიტერატურისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩავატაროთ.
- როგორც ვიცი, პანდემიამ თქვენი ცენტრის ენთუზიაზმი უკან ვერ დახია...
- ასეც მოხდა, სწორედ ამ დროს გამოიცა ,,ირლანდიური ლეგენდები და ზღაპრები“, ,,ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია“ და ,,უნივერსალური სასაუბრო“. საქართველოში მის შეძენას სულ მალე შეძლებთ, სავარაუდოდ, წიგნების მაღაზიათა ქსელში ,,ბიბლუსი“. ზედიზედ რამდენიმე პროექტი განხორციელდა ქალბატონ ლელა შურუპოვას უშუალო მონაწილეობით და დახმარებით. ის 2019 წლიდან დუბლინში, ქართულ დიასპორას ხელმძღვანელობს და ,,უნივერსალური სასაუბროს“ თანაავტორიც გახლავთ. საერთოდ, ჩვენი ცენტრის მუდმივი ინტერესის საგანს წარმოადგენს ირლანდიაში მცხოვრები თუ დაბადებული, აქ გაზრდილი და განათლებამიღებული ქართველების მოძიება, სწორედ ამ კუთხით გაწეული მუშაობის შედეგია ამ საინტერესო ავტორის, ლელა შურუპოვას მიგნება. ჩვენი ცენტრის საგამომცემლო ჯგუფმა მოამზადა და გამოსცა მისი წიგნები ,,ფერადი სევდა“, ,,საბავშვო ლექსების კრებული“ და ,,აქტივობის წიგნი“ (პირველი ნაწილი), როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, დუბლინში არსებული ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელებისთვის. ასევე მისივე ავტორობით გამოიცა ირლანდიაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის საჩუქრად განკუთვნილი -2022 წლის ფერადი საბავშვო კალენდარი.
- სამომავლოდ ქართველი მკითხველისთვის რომელი ირლანდიელი მწერლის თარგმნას აპირებთ?
- ამჯერად ვთარგმნი ირლანდიელი მწერლის, მაევი ბინჩის წიგნს ,,ვერცხლის ქორწილი“. სამწუხაროდ, ირლანდიაში, ქართულ მწერლობას და ჩვენს ლიტერატორებს არ იცნობენ. მართალია, ჩვენი ცნობილი პოეტების არაერთი ლექსია თარგმნილი ინგლისურ ენაზე, მაგრამ ეს ერთეულების პირად სივრცეში რჩება. ამ კუთხით სულ სხვა მუშაობის გაწევაა აუცილებელი. ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია ვფიქრობთ და ვმუშაობთ. ჩვენი სურვილია ორენოვანი პერიოდული ლიტერატურული ჟურნალის ან ალმანახის გამოცემა. ვცდილობთ, რომ მისი პირველი ნომერი ქართულ-ირლანდიური ცენტრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ან უკიდურეს შემთხვევაში, წლის ბოლომდე მაინც გამოიცეს. იმედია, ჩვენი ჩანაფიქრი აუცილებლად განხორციელდება.