თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოში გამოვლენილი „ომიკრონით" ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ორჯერადად და ასევე ბუსტერ-დოზით იყო ვაქცინირებული.
„ჰოსპიტალიზაცია დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა მხოლოდ 14 პაციენტს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ „ომიკრონით" ინფიცირებულთა დიდი ნაწილი იყო 2-ჯერ ვაქცინირებული და ჰქონდათ გაკეთებული ბუსტერ-დოზა", - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. სხვა შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო მსუბუქ ფორმებში ვითარდება.
18 იანვარს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა (1.006.864), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი შემთხვევების – 7.521. ეპიდემიოლოგების თქმით, იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში ეს რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და პიკს მიაღწევს.