თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში პაციენტების მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა, - ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკას 35-მდე პაციენტმა მიმართა, მაშინ როდესაც საშუალო დღიური მიმართვიანობა აქამდე 7-8 პაციენტს არ აღემატებოდა.
მიმართვიანობა განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გაზრდილი, აღნიშნა ექიმმა.
„კლინიკაში ჯერ ადგილების საშუალება არის, თუმცა თითქმის სრულად დატვირთული ვართ. დატვირთვა განსაკუთრებით გაიზარდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც 20-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს და შესაბამისად, იქ რესურსი უკვე ამოწურული გვაქვს. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის. ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში უფრო მძიმე პაციენტები მკურნალობენ“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
მცირეწლოვანი პაციენტები კლინიკაში შეჰყავთ ძირითადად მაღალი სიცხით, თავის ტკივილით, პირღებინებით, რესპირატორული სიმპტომებით, აღნიშნავს ექიმი. კლინიკაში ასევე შეჰყავთ ქრონიკული დაავადებებისა და დიაბეტის მქონე ინფიცირებული პაციენტები.
რაც შეეხება არა კოვიდსაწოლებს, რეხვიაშვილის თქმით, ყველა ადგილი დაკავებულია. მეტიც, ექიმებს აღარ შეუძლიათ ახალი პაციენტების მიღება.
„არიან ბავშვები ბრონხიოლიტებით, რომელიც არაკოვიდ ვირუსულმა ინფექციამ გამოიწვია და სხვა ქირურგიული და არაქირურგიული პათოლოგიები, თუმცა იქ ჩვენი რესურსი გაცილებით უფრო მწირია. ამიტომ გვიწევს ასეთი ტიპის პაციენტებისთვის უარის თქმა“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
იმავდროულად, კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა ქრონიკულად დაავადებულ პაციენტებში, ასევე ბავშვებსა და ორსულებში ფიქსირდება, - ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მაშინ, როდესაც ქვეყანაში სამწუხაროდ არ გვყავს საკმარისი ოდენობით აცრილი ადამიანი, ეს ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის“, - განაცხადა კაშიამ.
18 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სულ 2.622.459 კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდა. სრულად (ორჯერადად) აცრილია 1.195.578 მოქალაქე, ბუსტერ-დოზით - 114.480.
რაც შეეხება ბავშვთა და მოზარდთა ვაქცინაციას, ბოლო მონაცემებით, საქართველოში აცრილია 12-15 წლის 3.636 მოზარდი და 12.253 16-17 წლის ასაკის მოზარდი.
საქართველოში დაწყებულია კორონავირუსის მეექვსე ტალღა. იანვრის შუა რიცხვებიდან დღიური ინციდენტობის მაჩვენებელი დაახლოებით 5,5 ათასი იყო. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა, საიდანაც 1254 - ახალი, „ომიკრონის“ შტამია.