საცობები და თვითმფრინავის დაგვიანებული დაშვება - უამინდობა საქართველოში პრობლემებს ქმნის

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში თოვლის საფარი ზოგან 1,5-2 მეტრს აღწევს
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთ სერიოზული პრობლემები შეუქმნა - ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე რამდენიმე კილომეტრზე ტრაილერების საცობია, იუწყება ტელეარხი „ტვ პირველი“.
ტელეარხის მონაცემებით, პოლიცია ტრაილერებს რიკოთის უღელტეხილის მიმართულებით არ უშვებს.
უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ორი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდა დაშვებას სტამბოლიდან ჩამორენილი თვითმფრინავი.
ინტენსიური თოვა დასავლეთ საქართველოში მესამე დღეა გრძელდება. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში თოვლის საფარი ზოგან 1,5-2 მეტრს აღწევს. გართულებულია ტრანსპორტის მოძრაობა როგორც შიდა გზებზე, ისე საქალაქთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალებზე.
კომუნალური სამსახურების თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებნი გზებს, სახლებსა და მანქანებს თოვლისგან წმენდენ.
სოფლების ქედას, ხულოსა და შუახევის მცხოვრებნი ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, პარალიზებულია გზები. ბავშვები სკოლამდე ვერ მიდიან.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი აჭარის ყველა რაიონში გადაიდო, ბათუმის გარდა.
რაც შეეხება გურიას, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზის 2-5 კილომეტრზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა.
სინოპტიკოსები 19, 20 და 21 იანვარს ამინდის გაუარესებას მთელ ქვეყანაში ვარაუდობენ. ღამით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია -5, -8 გრადუსი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.