თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით პერიოდში 18,2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 83,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3,9 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8,1 მლნ დოლარით (11%) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად შემდეგი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7.511 ტონა), გერმანიაში (3.523 ტონა), სომხეთში (1.265 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), ესპანეთში (500 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), რუსეთში (400 ტონა), პოლონეთში (357 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), საფრანგეთსა (327 ტონა) და სხვა ქვეყნებში.
საქართველოში თხილის მოსავლის აღება აგვისტოს პირველ რიცხვებში, ტრადიციულად, პირველად სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში დაიწყო, შემდეგ კი კახეთსა და სხვა რეგიონებში.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 და 2021 წლებში მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.