თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 14.9%-ით გაიზარდა და 229.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 39.70 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17.30%-ია .
გასული წლის დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 2.48%-ით ნაკლები თანხა გადმოირიცხა.
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას რამდენჯერმე დაუთმო.
2021 წლის დეკემბერში მთლიანად ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 29.8 მლნ აშშ დოლარით(14.9%) მეტი იყო 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2021 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.1%-ით მეტია.