თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის დაკისრებული 2000-ლარიანი ჯარიმა გააუქმა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით დაჯარიმდა, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა უწყებამ სასამართლოში.
პენიტენციურ სამსახურს ჯარიმა დაეკისრა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრების გამოქვეყნებისთვის.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარი - გააუქმა ჯარიმა და ვალდებულება სოციალურ ქსელ Facebook-დან და ოფიციალური ვებ-გვერდებიდან წაშალოს სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები.
რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს 500 ლარით დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც გააუქმა.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ეტაპირების და სხვა ვიდეოკადრები გამოქვეყნდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო და ასევე ინფორმაციის გაყალბების პრევენციის მიზნით მოხდა.