მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა გაიზარდა

დღევანდელი მდგომარეობით,საქართელოში მინდობით აღზრდაში 2 ათასამდე ბენეფიციარი იმყოფება
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა გაიზარდა, ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებაში უკვე შევიდა.
„ცვლილების მიხედვით, რეგულარული მინდობით აღზრდის ანაზღაურება დღეში 16 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა, ნათესაური მინდობით აღზრდა - თვეში 200 ლარიდან 230 ლარამდე, ხოლო ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში ანაზღაურება 375 ლარის ნაცვლად 400 ლარი იქნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში მყოფი განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის, გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისა და ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში მყოფი განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის დღიური ანაზღაურება 30 ლარიდან 35 ლარამდე გაიზარდა.
UNICEF საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობას გააძლიერებს
ჯანდაცვის უწყების ცნობით, ასევე გაიმიჯნა მინდობით აღზრდაში მყოფი 2 წლამდე ბავშვები - ამ შემთხვევაში დღიური ანაზღაურება 16 ლარის ნაცვლად 35 ლარი იქნება.
გარდა ამისა, 18 წელს ზემოთ შშმ პირი, რომელიც მინიმუმ ორი წელია იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას, სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება სრულ თვეზე 600 ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის მინისტრმა უწყების ათწლიანი გეგმა წარმოადგინა – რას ითვალისწინებს პროექტი>>>
სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის მინდობით აღზრდაში 1.812 ბენეფიციარი იმყოფება, მათ შორის 430 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
ბოლო დრომდე მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ბავშვთა სახლები იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პრაქტიკულად სრულად მოხდა დიდი ბავშვთა სახლების ლიკვიდაცია, ბავშვები მიმღებ ოჯახებსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გადაანაწილეს.
საუბარი მიდის ბავშვებზე, რომელთა ბიოლოგიურ მშობლებს გარკვეული მიზეზების გამო შვილების დამოუკიდებლად აღზრდა არ შეუძლიათ. მათ შეუძლიათ შვილებთან ურთიერთობა, პერიოდულად მათი მონახულება ან ოჯახში წაყვანა.