თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის კვეთამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ნათქვამია მერიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქეთევან წამებულის გამზირზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე სამუშაოები გამზირზე, მეტროს სადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩამდე განხორციელდება. სწორედ ამ მონაკვეთზე 20 იანვრიდან 4 თვით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მერიის ცნობით, ავლაბრის მოედნიდან მეტროს სადგურ „300 არაგველის“ მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით.
ხოლო მეტროს სადგურ „300 არაგველიდან“ ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ თელავისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით, ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მარცხენა სანაპიროზე და შემდეგ ბარათაშვილის აღმართზე.
ცვლილებები ასევე შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის -ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტებს
ქეთევან წამებულის გამზირის სრული რემონტი, რომელიც სამგორის, ვარკეთილისა და ისნის რაიონებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, დღეიდან იწყება. პროექტის ფარგლებში იგეგმება მეტროსადგურ ავლაბრიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გზის მონაკვეთის მთლიანად შეკეთება - სულ 1,7 კილომეტრი.
წყარო - თბილისის მერია