კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში თანამშრომელთა შემცირება მოხდა

სააგენტომ შექმნა ინსპექტორების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებენ
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის შედეგად შტატი 36 თანამშრომლით შემცირდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ოსტატების რეესტრის შექმნის იდეა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ეკუთვნის და კვალიფიციური კადრების დეფიციტით არის გამოწვეული. კერძოდ, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ბევრ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე არსებული პრობლემები „კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული“.
ამასთან, ცალკე სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური და ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური).
სააგენტომ ასევე შექმნა ინსპექტორების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ ცვლილებები „მიზნად ისახავდა სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას, ასევე, უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას“.
საქართველოში პირველად 134-ტონიანი ისტორიული ძეგლი გადაიტანეს >>
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაცია 2021 წლის 25 ნოემბრიდან მიმდინარეობდა. მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა ახალი საშტატო განრიგი.
საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო იუნესკოს 2003 წლის კონვენციის თანახმად ფუნქციონირებს 2008 წლიდან. სააგენტოს მიზანს ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშების რეგისტრაცია, შენახვა, კვლევა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
წყარო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო