ვითარება ქართულ ციხეებში: ბოლო სტატისტიკა

1 დეკემბრისთვის მსჯავრდებულთა საერთო რიცხვმა ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,25% შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. 2021 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში იმყოფებოდა 9.367 ადამიანი, აქედან 314 ქალია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.
1 დეკემბრის მონაცემებით, მსჯავრდებულთა საერთო რიცხვმა ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,25% შეადგინა.
პატიმართა ძირითადი ნაწილს 31-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცები შეადგენენ. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში სასჯელს 50 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 68 პირი იხდის.
ყველაზე მეტი პატიმარია რუსთავის №15 და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში.
ციხის საკანი
რაც შეეხება პირებს, რომლებიც განაჩენს პატიმრობაში ელოდებიან, 1 დეკემბრისთვის საქართველოში 2 ათასზე მეტი ასეთი პატიმარი იყო, აქაც ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 14 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 27 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 166 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.

უცხოელები საქართველოს ციხეებში

საქართველოს ციხეებში მოთავსებულია 46 ქვეყნის 578 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,2%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 4 არასრულწლოვანი უცხოელი და 58 უცხოელი ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა უმეტესობა, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები

ციხეებში მყოფების გარდა, 18,7 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.
მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 905 ქალი და 69 არასრულწლოვანი.
რუსთავის ციხე
ასევე პირობით სასჯელს იხდის 258 უცხოელი, მათ შორის არიან რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის მოქალაქეები.
წყარო - სტატისტიკის ეროვნული სამსახური