COVID-19 - ბოლო ცნობები

როგორია მიტროპოლიტ სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა: ოფიციალური ინფორმაცია

მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) კორონავირუსი გადაიტანა.
ამ დროისთვის მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კოვიდინფიცირების შემდეგ რეაბილიტაციის კურსს თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაივლის.
საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ თითქოს მიტროპოლიტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობს.
„სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქო მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მიზეზად, მისთვის, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად მიღებას ასახელებს.
9 თებერვალს მეუფეს 63 წელი შეუსრულდება.
წყარო - საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური