თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო შემოღებული იზოლაციისა და კარანტინის ვადები გარკვეული კატეგორიების პირებისთვის მცირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ამ დროისათვის ქვეყანაში იზოლაციისა და კარანტინის ვადა 12 დღითაა განსაზღვრული.
გაბუნიას განცხადებით, 17 იანვრიდან ძალაში შევა ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც იზოლაციისა და კარანტინის ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის. კერძოდ:
ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია-კარანტინის ვადა იქნება რვა დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის განისაზღვრა 10-დღიანი ვადა. სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
არავაქცინირებული პირების შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში პირი კარანტინში იყოს. კარანტინის დასრულებიდან 9-12 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
კოვიდგადატანილ პირები, 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ თავისუფლდებიან კარანტინისგან.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება ვადები.
„თუ კონტაქტში მყოფი პირი ვაქცინირებულია, მათ შორის ბუსტერ-დოზით, ვაქცინაციის შემდეგ ორი კვირიდან 90 დღემდე ვადაში კარანტინისგან თავისუფლდება“, - განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ იზოლაციისა და კარანტინის ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქ მიმდინარეობასთან, კერძოდ, ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.
საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადების ცვლილება განპირობებულია კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის შედარებით მსუბუქ მიმდინარეობასთან, კერძოდ, ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.