სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ქართული დროშის დღე მიულოცა

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეზე სახელმწიფო დროშები გადმოიფინა.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა მილოცვის ტექსტი საკუთარ ოფიციალურ facebook–გვერდზე გამოაქვეყნა.
დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა.

„გილოცავთ დროშის დღეს. ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი აღიმართა", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და მრჩევლებმა, სახელმწიფო ჰიმნი კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.
სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.
უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.
წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ–გვერდი