COVID-19 - ბოლო ცნობები

როდის განაახლებენ ღამის კლუბები მუშაობას? ეკონომიკის მინისტრის განმარტება

ღამის კლუბების მფლობელები ეპიდემიოლოგების დასკვნას ელოდებიან
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოში ღამის კლუბების მუშაობის განახლება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.
ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს მათ უფლება მიიღეს, ჩაეტარებინათ ღონისძიებები რეგულაციების დაცვით ახალი წლის დღეებში. თუმცა სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ მათ მუშაობა კვლავ შეწყვიტეს.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ღამის კლუბების საკითხის განხილვა არაერთხელ მოხდა. გარკვეული კომპრომისი საახალწლო პერიოდში დაიშვა. შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაკვირდებით შედეგებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გამოწვეული იყო საახალწლო პერიოდში ღამის კლუბების გახსნით. ჩვენ ველოდებით შედეგებს და ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თურნავამ.
როგორც გუშინ ღამის კლუბების გაერთიანება ACT4CULTURE-ის ხელმძღვანელმა დავით ლეჟავამ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ღამის კლუბებს შეიძლება კომპენსაცია გადაუხადოს იმის გამო, რომ ისინი ღონისძიებებს ვერ მართავენ. მისი თქმით, კომპენსაციის ოდენობა კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში კონსულტაციები მომავალი კვირიდან დაიწყება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ღამის კლუბებს შეიძლება კომპენსაცია გადაუხადონ
ღამის კლუბები კომპენსაციას უკვე მეორედ მიიღებენ. 2021 წელს დახმარების პაკეტმა 2 მლნ ლარი შეადგინა, რაშიც შევიდა იჯარისგან და კომუნალური ხარჯებისგან გათავისუფლება და თანამშრომლების ნაწილის ხელფასების დაფარვა.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.