ქვრივიშვილი: მთავარი აქცენტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე კეთდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ის ქვეყნები დაასახელა, საიდანაც ტურისტების მოზიდვა შემოსავლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მაქსიმალურად აკეთებს აქცენტს მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე, განაცხადა უწყების ხელმძღვანელის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 130 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 2019 წლის მაჩვენებლის 38 პროცენტი შეადგინა.
„მაქსიმალურად ვაკეთებთ აქცენტს მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე და ამაში გვეხმარება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები ევროკავშირის ქვეყნებთან, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან და სხვ. აქტიურად ვმუშაობთ ტურისტების ჩამოყვანაზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, იაპონია და სხვ.“, - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით. ამ ქვეყნებიდან შემოსული თითოეული ტურისტი საშუალოდ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები, რომელთა ჩამოსვლაც საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამდენად, ჩვენ 2022 წელს ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას სამიზნე ქვეყნებთან, სადაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მოვახდენთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ტურისტულად აქტიურია, შეფასების მთავარი ამოსავალი არის შემოსავლები. თუკი ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ვერ ჰპოვებს ამ ინდუსტრიიდან, მაშინ მას ისეთი პოზიტიური ეფექტი ვერ ექნება ქვეყანაზე, მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, დასაქმებაზე.
„სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფაქტობრივად, 40 პროცენტამდე აღდგა 2019 წელთან შედარებით. ალბათ, ეს არის პირველი ინდიკატორი, რითიც ჩვენ შევაფასებთ გასულ 2021 წელს, როგორც საკმაოდ პოზიტიური შედეგების მქონეს ტურიზმის აღდგენის მიმართულებით“, - თქვა ქვრივიშვილმა.
2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ თითქმის 1,9 მილიონი შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7,7%-ით გაიზარდა.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ 2021 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან
2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1.577.463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების 31% აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45,1%-ს შეადგენს.
2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი ნაწილი საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51% საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა, რაც 2019 წელთან შედარებით 48%-ით მეტია.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის.
მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.