თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოში ახალგაზრდებსა და მოსწავლეებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების რისკი იზრდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განმარტებით, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ყველა პერსონალის ვაქცინაციაა.
განათლების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების 71%. თამარ გაბუნიას განმარტებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში საჭიროა ვაქცინაციის მაჩვენებელი 100%-მდე გაიზარდოს.
„სკოლების შიდა მზადყოფნა საკმაოდ მაღალია, რათა მათ უზრუნველყონ ადგილზე რეაგირება. რა თქმა უნდა, იზრდება შანსი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის მოსწავლეებში, მოხდეს კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი გავრცელება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე მოუწოდებს პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რაიმე სახის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, სახლში დარჩნენ.
„სკოლებმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნონ აქტივობის შესაძლებლობა. ნებისმიერი პანდემიის პირობებში სკოლა არის ის გარემო, რომელიც შეძლებისდაგვარად გვიან უნდა მოხვდეს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ქვეშ“, - განაცხადა გაბუნიამ.
მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდისა და ახალი „ომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელებისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს არ გაუცია რეკომენდაცია სწავლის დასწრებით ფორმატში შეწყვეტის შესახებ.
სასწავლო პროცესი 17 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში განახლდება. თუმცა, სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.