კორპუსი ინგრევა: დევნილები დახმარებას ითხოვენ

მიმდინარე კვირის დასაწყისში პროტესტის ნიშნად ასობით დევნილმა ღამე ქუჩაში გაატარა.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. დევნილებმა ავარიული კორპუსიდან განსახლებისა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრები პირების განცხადებით, აღნიშნული შენობა ავარიულიადა მასში ცხოვრება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
„ჩვენ 30 წელზე მეტია გაუსაძლის პირობებში ვიმყოფებით. ჭერიდან წყალი ჩამოდის, შენობა ინგრევა და არ ვიცით, რა ვქნათ. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლაშა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.
მიმდინარე კვირის დასაწყისში პროტესტის ნიშნად ასობით დევნილმა ღამე ქუჩაში გაატარა. მათი თქმით, შენობის მესამე და მეშვიდე სართულების კედლები უკვე ჩამოინგრა.
თბილისში დევნილმა პირებმა პროტესტის ნიშნად შესაძლოა კარვები გაშალონ
ადგილზე იმყოფებოდა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით გურამიშვილი. მისი თქმით, დევნილების საცხოვრებელი ფართებით დასაკმაყოფილებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ხოლო ტენდერის დასრულებამდე დევნილებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ მათ მიერ თბილისში შერჩეული საცხოვრებელი ფართები, სააგენტო კი მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს.