თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ მიესალმება, თუმცა არსებული კოვიდ-რეგულაციების აღსრულების გამკაცრებას ემხრობა.
ცერცვაძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდით და მის აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებით „ომიკრონ“ შტამის გამოწვევას საქართველო სხვა ქვეყნებზე უკეთ დაძლევს.
საქართველოში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ ისე ღია სივრცეში. რესტორნებში, თეატრებში, ფიტნეს-ცენტრებსა და სხვა დაწესებულებებში მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე პირები დაიშვებიან. QR-კოდი ენიჭებათ ვაქცინირებულ, კოვიდ-გადატანილ ან კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.
„პირბადეების ტარებაზე მოსახლეობის პასუხისმგებლობა და მთავრობის მხრიდან აღნიშნული რეგულაციის აღსრულებაზე კონტროლი - ეს არის ჩვენი სუსტი ადგილი. თუ ეს ორი კომპონენტი სრულად ან სანახევროდ მაინც გამოსწორდება, გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ სხვებზე უკეთ დავძლევთ „ომიკრონის“ გამოწვევას“ , - განაცხადა ცერცვაძემ ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.
როგორც ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც დახურულ ისე ღია სივრცეში 28%-ს შეადგენს.
დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელიც - ორი დოზით ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 41,3%. ცერცვაძის თქმით, მთავრობამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, თუმცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროპაგანდისთვის აუცილებელი იყო ინოვაციური მიდგომების მოძიება და სკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეების დარწმუნება.